ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მავთულხლართების გაბმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მავთულხლართების გაბმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს მავთულხლართების გაბმის გამო. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა საქართველოში ტოივო კლაარმა განაცხადა ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესი ახალი არ არის, ის 2008 წელს დაიწყო, თუმცა ახლა ინტენსიური გახდა. 

როგორც ტოივო კლაარი აღნიშნავს, ევროკავშირის სადამკვივებლო მისია მიუკერძოებელ და ეფექტურ მუშაობას ახორციელებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, მისია მხარს უჭერს თანამშრომლობას ადგილობრივ დონეზე და ნდობის აღდგენის საკითხზე მუშაობს.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ე.წ. საზღვრის მოწყობის პროცესს, რომელიც ბოლო ხანებში გააქტიურდა. ამას აქვს გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე", - განაცხადა ტოივო კლაარიმ.

მისივე თქმით, მავთულხლართების გაბმის პროცესს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება და ამის გამო შეწუხებულია.

რაც შეეხება მექანიზმებს, როგორც ტოივო კლაარი აცხადებს, რა თქმა უნდა, ამ ღობეების აღმართვა ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მათთვის ცნობილია ინფორმაცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და დაკავებების შესახებ.

"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქმნის დაძაბულობას, მაგრამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ასევე ცხელი ხაზის გამოყენებით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევამსუბუქოთ ის ზეგავლენა, რომელიც ამ პროცესებს აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე. მაქსიმალური გამჭვირვალობა, გადაადგილების თავისუფლება ხელს შეუწყობს სიტუაციის განმუხტვას", - განაცხადა ტოივო კლაარმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმისათვის არის, რომ დააკვირდეს მდგომარეობას, გადაწყვეტილებები კი პოლიტიკური სტრუქტურების მიერ უნდა იყოს მხარეებს შორის მიღებული.

ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის თქმით, იმუშავებენ, რათა საქმიანობა მიუკერძოებლად გააგრძელონ.