გოგი გვახარია - პრობლემა ის ბნელეთია, რომელიც მთავრობასა და პარლამენტში გვაქვს

გოგი გვახარია - პრობლემა ის ბნელეთია, რომელიც მთავრობასა და პარლამენტში გვაქვს

კინომცოდნე და რადიო თავისუფლების ბლოგერი გოგი გვახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იმ ადამიანებს ექომაგება, რომლებიც ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღებას აპროტესტებენ. გვახარია პრობლემის მიზეზებსაც განმარტავს.

"ამ საწყალ ხალხს დასცინით, ახალი პირადობის მოწმობა რომ არ მოსწონთ. არადა პრობლემა ეს ხალხი კი არა, არამედ ის ბნელეთია, რომელიც მთლად მთავრობასა და პარლამენტში გვაქვს. ვითომ რითია უარესი ეს ხალხი პარლამენტარზე, ახალი კანონების "დამწერზე", რომელიც ჭერს ანგელოზებით აფორმებს, პრეზიდენტობის კანდიდატზე, რომელიც "ფეისბუკზე" ავატარად დებს სურათს "ლოცვის კომპოზიციით"? ბნელეთი ძალაუფლების ნაწილი რომ ხდება, მაშინაა საშიში, თორემ გულუბყვილო, გაუნათლებელი და გაჭირვებული რომ სისულელეს ითხოვს... მაგას შეიძლება მართლაც ეშველოს მომავალში:(

განათლების მინისტრი რომ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას იმით მიულოცავს, რომ უნივერსიტეტს პატრიარქი ესტუმრა, ესაა სწორედ მიზეზი იმისა, რომ ხალხი პირადობის მოწმობაში ეშმაკებს ხედავს:) და ამ მოლოცვას არც ერთი სტუდენტი რომ არ დაუსტვენს, ესეც:)", - წერს გვახარია.

2011 წლიდან, საქართველოში ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყო. ამ ეტაპზე ID ბარათების აღება სავალდებულო არ არის, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქე მას ავტომატურად მიიღებს. აღნიშნული ტიპის პირადობის მოწმობის ირგვლივ, უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ID ბარათში "ანტიქრისტეს ბეჭედია ჩასმული", რის გამოც მართლმადიდებელი მრევლი მისი აღებისგან თავს იკავებს.