ადვოკატი:  ხელისუფლება ზურაბ ადეიშვილს ჯანსაღად აფასებს, როგორც კარგ მენეჯერს

ადვოკატი: ხელისუფლება ზურაბ ადეიშვილს ჯანსაღად აფასებს, როგორც კარგ მენეჯერს

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის ოთო კახიძის განცხადებით, ანალიტიკური განცხადებები, რომელიც ზურაბ ადეიშვილის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება მას არ ეკუთვნის. 

როგორც ოთო კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზურაბ ადეიშვილს საერთოდ არა აქვს ფეისბუქი და არც მას იყენებს.

"პროფილი, სადაც განცხადებები კეთდება, იუსტიციის ყოფილ მინისტრს არ ეკუთვნის. ვთხოვ, ჟურნალისტებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებენ იმ განცხადებებს, რომელიც ზურაბ ადეიშვილს არ გაუკეთებია. მე ვარ მისი ინტერესების დამცველი, გთხოვთ, მომმართოთ ან მე ან მეორე ადვოკატს, გოჩა სვანიძეს", - განაცხადა ოთო კახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ზურაბ ადეიშვილისა და პროკურორ არჩილ კბილაშვილის შეხვედრის შესახებ, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

ადვოკატმა ხელისუფლების მხრიდან ზურაბ ადეიშვილის მისამართით გამოთქმულ დადებით მოსაზრებებზეც გააკეთა კომენტარი. კახიძე აცხადებს, რომ ეს შეფასებები ძალიან კარგია.

"განცხადება და შეფასება ზურაბ ადეიშვილის მისამართით კეთდება როგორც კარგ მენეჯერსა და კარგი რეფორმების გამტარებელზე. მისი ასეთი დახასიათება მისასალმებელია. როგორც ჩანს, ხელისუფლება მას ჯანსაღად აფასებს, როგორც კარგ მენეჯერს", - განაცხადა ოთო კახიძემ.