ბარაქ ობამა - ყველაფერს ვიღონებ, რომ რაც შეიძლება მალე გადაილახოს მთავრობის დაფინანსების კრიზისი

ბარაქ ობამა - ყველაფერს ვიღონებ, რომ რაც შეიძლება მალე გადაილახოს მთავრობის დაფინანსების კრიზისი

სამწუხაროდ, კონგრესმა ვერ შეასრულა დაკისრებული პასუხისმგებლობა და ჩააგდო ბიუჯეტი, რის გამოც ახლა სამთავრობო დაწესებულებების უმრავლესობა მუშაობას შეწყვეტს , სანამ კონგრესი მათ ხელახლა არ დააფინანსებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მოსახლეობისთვის სატელევიზიო მიმართვაში.

მისივე განცხადებით, ყველაფერს იღონებს, რათა რაც შეიძლება მალე გადაილახოს მთავრობის დაფინანსების კრიზისი.

"ერთი სული მაქვს, როდის გავმართავ მოლაპარაკებებს კონგრესის წევრებთან გრძელვადიანი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. გავაგრძელებ კონგრესთან მუშაობას, რათა რაც შეიძლება მალე დაგაბრუნოთ სამსახურებში", - განაცხადა აშშ-ის პირველმა პირმა თეთრი სახლიდან გაკეთებული მიმართვისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კონგრესის გადაწყვეტილება ზიანს მოუტანს უამრავ ადამიანს და პოსტკრიზისული მდგომარეობის შემდეგ უარყოფითად აისახება ამერიკის ეკონომიკის აღდგენაზე.

"ამერიკელი ხალხის რთული გზით მოპოვებული მიღწევების საფრთხის ქვეშ დაყენება უპასუხისმგებლობის ზეობაა და ეს არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

აშშ-ის ფედედარალურ სახელმწიფო დაწესებულებებს დაფინანასება 17 წლის განმავლობაში პირველად შეუწყდათ. აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტის პროექტი მას შემდეგ ჩააგდო, რაც "დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" ვერ შეთანხმდნენ.

"რესპუბლიკელების" უმრავლესობამ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების ერთი წლით გადადება მოითხოვა. სენატმა კი, სადაც უმრავლესობაში "დემოკრატები" არიან, აღნიშნული ქმედების საპასუხოდ ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო.