ზურაბ აბაშიძე:  ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება განიხილეს

ზურაბ აბაშიძე: ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება განიხილეს

ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება განიხილეს, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. 

მისი თქმით, ეს ძალინ მნიშვნელოვანი ვიზიტია და ალბათ ისინი შესაბამის დასკვნებსაც გააკეთებენ. აბაშიძის განცხადებით, რაც მთავარია, ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს ძალიან ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება.

"რაც შეეხება ამ შეხვედრას, ბუნებრივია ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც კარასინთან დიალოგის ფორმატი წამოვიწყეთ. ვისაუბრებთ, რაოდენ ცუდ ფონს ქმნის ამ დიალოგისთვის ადმინისტრაციულ ხაზზე არსებული შემაშფოთებელი ვითარება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები ერთხმად და ცალსახად ურჩევენ საქართველოს, რომ ეს დიალოგი, რაც უნდა რთული იყოს, გაგრძელდეს. მისივე თქმით, ეს გზა რთული იქნება, მაგრამ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.