კახელებს გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა

კახელებს გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა

კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა კახეთში გამართა.

გიორგი მარგველაშვილი დილით ყარაჯალის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა, კოალიციის კანდიდატმა ამომრჩევლებს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმებიც გააცნო.

ყარაჯალის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი თელავს ესტუმრა, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. თელაველებს არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს გივი ბერიკაშვილმა და დავით მაღრაძემ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ზუსტად ერთ თვეში საქართველოს თითოეული მოქალაქე აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე. 27 ოქტომბრიდან ხალხი ბოლომდე გადაიბარებს ძალაუფლებას. კოალიციის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომ ზუსტად ერთი წლის წინ საზოგადოება გააერთიანა და ქვეყანა დაუბრუნა ხალხს.

გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა და ამომრჩევლებს პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. კოალიციის კანდიდატმა 27 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელებაზეც გააკეთა აქცენტი.

გიორგი მარგველაშვილის შემაჯამებელი შეხვედრას თელავში ათასობით ადამიანი დაესწრო. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა კახეთის რეგიონში წინასაარჩევნო კამპანია დღეს დაასრულა.