ქვეყანა საერთო ეროვნული კრიზისის წინაშეა და ამ კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა

ქვეყანა საერთო ეროვნული კრიზისის წინაშეა და ამ კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი ერთიანობაა

ქვეყანა დიდი საერთო ეროვნული კრიზისის წინაშეა და ამ კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი არის ერთიანობა, მიუხედავად იმისა "მოგვწონს თუ არ მოგვწონს ერთმანეთი" , - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ამით პრეზიდენტი მისი მისამართით მთავრობის წევრებისა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება კარგი მასწავლებელი.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, საქართველოს ანექსია დაწყებულია დაახლოებით 80-იანი წლების ბოლოს, ხოლო 2008 წელს, როდესაც "ჩვენ მიწებსა და სახელმწიფოებრიობას გვართმევდნენ, ქართულმა მხარემ წინააღმდეგობა გაწია, მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა, სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა და შეჩერდა რუსეთის არმიის წინსვლა.

"შემდგომ წლებში ჩვენ მოვახერხეთ ტერორისტული აქტების შეჩერება, აღიარების სერიების შეჩერება და რატომღაც წინა წლებში ვერავინ ბედავდა მავთულხლართების გაბმას. ამიტომ ახლა, ბოლო თვეებში ჩვენ დავკარგეთ უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწა, ჰექტრებში გამოსახული, ვოდრე იყო ქურთასა და თამარაშენში, ერთად აღებული. ქურთასა და თამარაშენის აღება რუსეთს მოუხდა ძალიან დიდ პოლიტიკურ ფასად და ახლა პოლიტიკურად საერთოდ არაფერი გადაუხდია. თუ მას არაფერი დაუჯდება ეს, ის ამას გააგრძელებს. ამიტომ ეს გამოცდილება ჩვენ გვაქვს დაგროვილი, მიღწევებისა და შეცდომების. მე არ გავურბივარ არც შეცდომებს და ჩვენ ვიცით, რა მიღწევებიც გვაქვს. ამიტომ სწორედ ეს გვინდა გავუზიაროთ არა მხოლოდ მიღწევების, არამედ იმ შეცდომების შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა იყო. რაღაცეები შეიძლება უკეთ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ახლა კონფრონტაცია არ გვარგებს. ჩვენი მიწა მიაქვთ, ჩვენ ხალხს ასახლებენ და რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს არის პროვოკაცია, ეს არ გამოვა, ეს არის ფაქტი! ვინც არ უნდა იყოს მთავრობის სათავეში, რუსეთი აგრძელებს ერთი და იგივეს და დიდი ხანია ამას ყველა უნდა მივხვდეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.