ანდრო ბარნოვი:  ანაკლია ანუ ლაზიკა - ეს ერთი და იგივეა

ანდრო ბარნოვი: ანაკლია ანუ ლაზიკა - ეს ერთი და იგივეა

ანაკლია ანუ ლაზიკა - ეს ერთი და იგივეა, - ასე ეხმაურება პრემიერის დღევანდელ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 

როგორც ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, ბიძინა ივანიშვილის "ტყუილის" შემდეგ სამეგრელოდან ათობით ადამიანი დაუკავშირდათ.

"სიცრუეში ცხოვრებაც ასეთი უნდა! კითხეთ ერთი პრემიერს, რით განსხვავდება ანაკლიისა და ლაზიკის პორტი? სინამდვილეში, ეს ერთი და იგივეა და ლაზიკას პროექტს თავიდან ანაკლიის პორტი ერქვა. ქვემოთ ვაკრავ ორ ბანერს, რომლის ფონზეც ჩატარდა თავის დროზე ამ პროექტების პრეზენტაცია და რომელზეც დიდი ასოებით აწერია, რომ სწორედ ანაკლიის პორტზეა საუბარი ასევე, აქვე ვდებ პროექტის პრეზენტაციის სლაიდებს! პრემიერის გენიალური ტყუილის შემდეგ უკვე რამდენიმე ათეულმა ადამიანი დარეკა სამეგრელოდან! მინდა ვუთხრა პრემიერს, რომ საქართველოს მოსახლეობამ გეოგრაფიაც მასზე უკეთ იცის და სინდისიც მეტი აქვთ და ასეთ უტიფარ ტყუილებს კი ისეთი მოკლე ფეხები აქვს, რომ კარებამდე ვერ მიასწრებთ, ჩემო კარგო", - აცხადებს ანდრო ბარნოვი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე დღეს განაცხადა, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსახორციელებლად უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა ექნება.

"სამი პროექტის ვარიანტი გვქონდა, ეს არის საუკეთესო, რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში 24 საათი. პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება და მისი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი. ჩვენ ეს შეგვიძლია სრულყოფაში მოვიყვანოთ. თქვენ იცით სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა გაარჩია სამი ვარიანტი - ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდი, ამავე დროს არ გვირჩიეს, ჭაობის ამოშრობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. შესაბამისად, ასეთი პორტის მშენებლობის დაწყებისთვის მიდის სერიოზული მზადება დოკუმენტაციის დამუშავება, პროექტის სტრუქტურირებაზე და შესაბამის დაფინანსებაზე. ეს შეიძლება ყველაზე რეალისტური პროექტი გახდეს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.