პრეზიდენტი მზადაა, პრემიერთან ერთად გადაუფრინოს ყველა იმ მშენებლობას, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში შეჩერებულია

პრეზიდენტი მზადაა, პრემიერთან ერთად გადაუფრინოს ყველა იმ მშენებლობას, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში შეჩერებულია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაუფრინოს ყველა იმ მშენებლობას, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში შეჩერებულია, - ამის შესახებ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

პრეზიდენტი ამით თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე პრემიერის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სააკშვილის თქმით, კარგი იქნებოდა მთავრობას მიეწოდებოდეს ინფორმაცია, მთავრობა და მთავრობის თავმჯდომარე დადიოდეს და საკუთარი თვალით ხედავდეს რაღაცეებს.

"მე მზად ვარ პრემიერთან ერთად თბილისის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე, რომლის მშენებლობა მან შეაჩერა, ამ ზოლიდან ავფრინდე იმ ფრანგული ვერტმფრენებით, რომლის გაყიდვა და მოშორება საქართველოდან სურს, გადავუფრინოთ ასევე თბილისის შემოვლით რკინიგზას, რომელიც მისი განკარგულებით შეჩერდა და დაინახოს რა მასშტაბის სამუშაოებია გაკეთებული. შემდეგ გადავუფრინოთ ქუთაისს და ვაჩვენოთ პარლამენტის მნიშვნელობა, რომ არ გადმოიტანოს თბილისში. გადავუფრინოთ წყალტუბოს, ნახოს რას ვაკეთებდით, გადავუფრინოთ თეთნულდის კურორტს მესტიაში, სადაც გვირაბი უნდა გაკეთებულიყო, შემოვუფრინოთ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც მისი განკარგულებით შეჩერდა და შემდეგ მზად ვარ ჩავიყვანო ანაკლიაში, გადავუფრინოთ ანაკლიას, დავჯდეთ და ადგილზე ვანახო, რომ ანაკლია და ლაზიკა ეს არის ერთი და იგივე გეოგრაფიული დასახელება. ამას სიამოვნებით გავაკეთებ, თუ ბატონი პრემიერი დათანხმდება, რომ კაბინეტიდან და სახლიდან გამოვა და ერთხელ მაინც მოიაროს ყველა გაჩერებული მშენებლობა, იქნებ გული აუჩუყდეს და თავის ამ გადაწყვეტილებებს, მშენებლობების შეჩერების შესახებ, გადახედოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.