ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე რუსეთის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე რუსეთის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო საქართველოსთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სტრასბურგში განაცხადა, რუსეთის დელეგაციის მოთხოვნა, საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით ღონისძიებების გამართვის აკრძალვასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

"რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია და ზოგიერთი სხვა წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნიდან ითხოვენ საქართველოს დასჯას და საქართველოში ევროსაბჭოს ეგიდით ღონისძიებების გამართვის აკრძალვას. ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი უსამართლობა. დარწმუნებულები ვართ, ევროსაბჭო ამას არ გააკეთებს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული და რუსეთი არ ასრულებს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ოკუპაციასთან დაკავშირებით, ამისთვის კი რუსეთს სანქცია არ ეკისრება. "საქართველო, რომელიც ასრულებს თავის კანონმდებლობას და უარს ეუბნება პარლამენტის წევრს საქართველოში შემოსვლაზე, არ უნდა იყოს დასჯილი", - აცხადებს უსუფაშვილი.

საქართველოსთვის სანქციების დაწესება რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა. ევროსაბჭოში წინადადება დღეს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა დააყენა. მან ქართული მხარისთვის სანქციების დაწესება იმის გამო მოითხოვა, რომ რუსი დეპუტატი ვასილი ლიხაჩოვი, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, საქართველოში არ შეუშევს და ამის მიზეზი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა იყო, ვინაიდან ლიხაჩოვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კანონმდებლობის დარღვევით იმყოფებოდა.