გიორგი ვაშაძე - ახალი პორტი ანაკლიაში შესაძლოა სწორედ იმ მონაკვეთზე აშენდეს, სადაც წინა ხელისუფლების დროს იყო დაგეგმილი

გიორგი ვაშაძე - ახალი პორტი ანაკლიაში შესაძლოა სწორედ იმ მონაკვეთზე აშენდეს, სადაც წინა ხელისუფლების დროს იყო დაგეგმილი

"ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ახალი პორტი შავიზღვისპირა ზოლის მხოლოდ იმ მონაკვეთზე შეიძლება აშენდეს, რაც მათ დროს იყო დაგეგმილი.

ახალი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას დეპუტატი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, საოცარია განცხადება იმის შესახებ, თითქოს პორტის მშენებლობა დაგეგმილია სხვა ადგილას და არა იმ ადგილას, რომელიც დაგეგმილი იყო წინა ხელისუფლების დროს.

ვაშაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ბანერი, სადაც აღწერილია, თუ სად უნდა აშენებულიყო პორტი და მასზე მითითებულია სწორედ ანაკლია. დეპუტატის განმარტებით, მხოლოდ ამ სანაპირო ზოლშია ერთადერთი ღრმა კანიონი, სადაც შეიძლება აშენდეს პორტი, რომელიც დიდი გაბარიტების გემებს მიიღებს და ქვეყანაში ტვირთბრუნვას გაზრდის. მისივე თქმით, ბოლო ერთი წელი არაფერში დაიკარგა, როცა სადღეისოდ პორტი შეიძლება დასრულების სტადიაში ყოფილიყო.

"ჩვენ ამ ხნის განმავლობაში არა მხოლოდ პორტი დავკარგეთ, არამედ დავკარგეთ კონკრეტული პროექტები. ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში სწორედ ანაკლიის პორტი უნდა ჩართულიყო, რომლის მეშვეობით საქართველო უზარმაზარ შემოსავალს მიიღებდა. ამას ემატება 400 მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც პორტში უნდა ჩადებულიყო და 3 000-ზე მეტი ადამიანი, ვინც უნდა დასაქმებულიყო", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს პორტის მშენებლობის დასაწყებად პირველადი თანხები მოზიდული იყო რკინიგზის მეშვეობით და მშენებლობისთვის საჭირო თანხა რკინიგზის ანგარიშზე იჯდა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების პოლიტიკური მოტივაციაც ახსნა. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნებში აგებს სამეგრელოს, სადაც ანაკლიის პროექტის გაჩერება რეგიონის განვითარების არტერიის გადაკეტვის ტოლფასი იყო.