ბაჩო ახალაიას პროცესი 7 ოქტომბერს გაიმართება

ბაჩო ახალაიას პროცესი 7 ოქტომბერს გაიმართება

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას დასკვნითი სასამართლო პროცესი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გადაიდო. ეს გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე ბაჩო ახალაიამ გააპროტესტა და განცხადება გააკეთა, რომ მასთან დაკავშირებულ პროცესზე ყველაფერი პირიქით ხდება, პროკურატურა გარბის პროცესებიდან.

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პროცესი პროკურორის შეცვლის გამო დღეს პირველად არ გადაიდო. წინა პროცესზე პროკურორი რეზო ნადოი ჩაანაცვალა ია დარჯანიამ, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ მისთვის 30- დღიანი ვადა მიეცა საქმის გასაცნობად. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 10 დღით გადაწია პროცესი, დღეს კი ია დარჯანიამ აღნიშნა, რომ მისთვის 10 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა 12-ტომიანი საქმის გასაცნობად და კიდევ 20 დღით ითხოვა პროცესის გადადება. თუმცა, დასკვნითი პროცესი, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთი კვირით გადაიდო და 7 ოქტომბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურორის შუამდგომლობას პროცესის 20 დღით გადადების შესახებ, ბაჩო ახალაიას ადვოკატების მხრიდან პროტესტი მოყვა. მათ განაცხადეს, რომ აღნიშნულს პოლიტიკური სარჩული უდევს და პროცესების გაწელვა ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდს.

"ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ პროცესების გადადება სამართლებრივი მოტივით ხდება. ჯერ იყო და პროკურორი არ გამოცხადდა, შემდეგ ახალმა პროკურორმა 30- დღიანი ვადა თხოვა საქმის გასაცნობად, ახლა კი სრული სერიოზულობით საუბრობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამას ვერ დავიჯერებ. საერთოდ ბრალდებულები ემალებიან ხოლმე გამოძიებას და არ თანამშრომლობენ, ამ შემთხვევაში კი, ყველაფერი პირიქით ხდება, ბრალდებულებს პროკურორები გაგვირბიან. კიდევ მივცემთ ვადას და კიდევ მოითხოვენ, თუ მზად არ არიან უნდა დაანებოდნ თავი პროკურორობას", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

დაცვის მხარის ადვოკატების და ბაჩო ახალაიას ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც საქმე პოლიტიკური მოტივით ჭიანურდება, პროკურორმა ია დარჯანიამ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ იგი პროკურორია, არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას და შესაბამისად, საქმის გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მისი პირადი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებს გაეცნოს. პროკურორის თქმით, საქმე რეზონანსულია და იგი უნდა იცნობდეს მის დეტალებს.

როგორც პროცესზე ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ პროცესი პოლიტიკური ნიშნით ჭიანურდება, ის ფაქტია, რომ ყოფილი პროკურორი რევაზ ნადოი, რომელიც ავადმყოფობის მიზეზით არ ცხადდებოდა პროცესებზე და ია დარჯანიამ ჩაანაცვლა, უკვე სამსახურშია გასული. ამის საპასუხოდ პროკურორმა ია დარჯანიამ აღნიშნა, რომ ნადოის ბიულეტენი დახურული არ არის და აქედან გამომდინარე, რევაზ ნადოი ვერ გამოცხადდება პროცესზე.