რუსი მესაზღვრეები დვანელებს შეშის გამოტანის უფლებას არ აძლევენ

რუსი მესაზღვრეები დვანელებს შეშის გამოტანის უფლებას არ აძლევენ

რუსი სამხედროები სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ.საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დვანიდან იუწყება , ე.წ. სადემარკაციო ნაგებობები ლითონის ბადეების სახით, უკვე ასობით მეტრზეა გავლებული და დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილია დარჩენილი.

რუსი ე.წ. მესაზღვრეები, ცოტა ხნის წინ დვანელი თემურ კოპაძის სახლს მიადგნენ, შეღობვითი სამუშაოები დაიწყეს და მეპატრონეს რამდენიმე დღის წინ მოჭრილი ვაშლის ნარგავების გამოტანის უფლება არ მისცეს.

"ეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა და აქედან შეშას ვეღარ გაიტანთ", -განუცხადა კოპაძეს რუსმა ოფიცერმა.

თემურ კოპაძეს 10 მანქანა შეშა აქვს გამოსატანი. კოპაძეების ოჯახი ბაღისა და ვენახის გარეშე დარჩა.

საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებმა მერაბ მეკარიშვილმა კი ყველა ნივთი და სამშენებლო მასალა გამოიტანა. დღეს დილით მან საკუთარი სახლის ეზოში დარჩენილი ვაზი აჩეხა და კაკლის ხეც მოჭრა.