რიჩარდ ნორლანდი თანაინვესტირების ფონდის წარმატებაში დარწმუნებულია

რიჩარდ ნორლანდი თანაინვესტირების ფონდის წარმატებაში დარწმუნებულია

აშშ-ის ელჩი თანაინვესტირების ფონდის წარმატებაში დარწმუნებულია, - ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს ფონდის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. 

რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, თანაინვესტირების ფონდის მიმართულებები უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება.

"ფონდის შეთავაზებები ძალიან საინტერესოა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომელნიც ეძებენ შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის სფეროებში, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ფონდს და დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული იქნება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.

როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორები არიან: აბუდაბიჯგუფი (Abu Dhabi Group) და რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (Ras Al Khaimah Investment Authority from UAE), მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან (Milestone International Holdings from the People’s Republic of China), ბატონი ბიძინა ივანიშვილი (Mr. Bidzina Ivanishvili), ბატონი ალექსანდრე მაშკევიჩი (Mr. Alexander Moshkevich), ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი (Estate of Badri Patarkatsishvili), ყაზტრანსოილის (KazTransOil) შვილობილი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holdings Limited), ჩალიკ ჰოლდინგზი თურქეთიდან (Chalik Holdings) და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნავთობის ფონდი (State Oil Fund of Azerbaijan).

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ფონდში 1 მილიარდი ამერიკული დოლარია, რაც ფონდის დაახლოებით 15% შეადგენს.