ნოდარ ხადურს დავით უსუფაშვილის კითხვებზე

ნოდარ ხადურს დავით უსუფაშვილის კითხვებზე "ძალიან არგუმენტირებული პასუხები" აქვს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეკონომიკურ მდგომარეობას ეკონომიკის "ნაციონალური შოკიდან" გამოსვლას უკავშირებს. 

როგორც ნოდარ ხადურმა დავით უსუფაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს ძალიან ღრმა ფესვები აქვს.

"საქართველოს ეკონომიკაში პრობლემები გასულ წლებში შეიქმნა და დღეს ქართული ეკონომიკა ნაციონალური შოკიდან გამოდის. ბიზნესი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ოფიციალურად დარეკეტებული იყო და ამ ყველაფერს დრო სჭირდება, რომ გამოსწორდეს. გარდა ამისა, სახელმწიფომ შეწყვიტა უაზრო პროექტების დაფინანსება და ეს თანხები მოხმარდა სოციალური ვალდებულებების ზრდას და შესრულებას. ასე, რომ ყველა კითხვაზე არსებობს ძალიან არგუმენტირებული პასუხი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის სავარაუდო მაჩვენებელს, ნოდარ ხადური პროგნოზისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ეს წლის ბოლოს გამოჩნდება.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მთავრობასთან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"მაქვს კითხვები ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშურებით. დღეს მე ვისმენ ძალიან დამაჯერებელ არგუმენტებს და ანალიზს იმის თაობაზე, რომ განვლილი სამი კვარტლის განმავლობაში, მეტი ტემპით ეკონომიკის ზრდა შეუძლებელი იყო. მაქვს კითხვა, შარშან დეკემბერში, როდესაც 6%-იანი ზრდა დაიგეგმა, მაშინ ეს პრობლემები ცნობილი არ იყო მთავრობისთვის?! ვერ დაინახეს?! ვერ განჭვრიტეს?!", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 27 სექტემბერს, გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.