ჯანი ბუკიკიო ნინო ბურჯანაძეს პასუხობს

ჯანი ბუკიკიო ნინო ბურჯანაძეს პასუხობს

პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო პასუხობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს , საქართველოში არსებულ წინასარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძემ წერილობით მიმართა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს, სადაც მოკლედ აღწერილია ის არათანაბარი პირობები, რომელშიც იგი ძირითად კონკურენტებთან შედარებით იმყოფება. 

"კერძოდ, კონკურენტებისგან განსხვავებით "დემოკრატიული მოძრაობა" არ ღებულობს არანაირ საბიუჯეტო დაფინანსებას; "დემოკრატიულ მოძრაობას" არ ჰყავს წევრები ცენტრალურ და ადგილობრივ საარჩევნო კომისიებში; "დემოკრატიული მოძრაობის" დამკვირვებლები არ ფინანსდებიან სახელწიფო ბიუჯეტიდან; "დემოკრატიულ მოძრაობას" არა აქვს უფასო საეთერო დრო ტელევიზიებში.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიას შემუშავებული აქვს საარჩევნო საკითხების სათანადო პრაქტიკის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის დირექტივები სხვა რეგულაციებთან ერთად ადგენენ, რომ "ყველა კანდიდატსა და პარტიას თანაბარი შესაძლობლობა გარანტირებული უნდა იყოს. აღნიშნული განპირობებული უნდა იყოს ხელისუფლების მიუკერძოებლობით შემდეგი საკითხებისადმი 1) საარჩევნო კომპანიისადმი , 2)მედიის ხელმისაწვდომობისადმი, კერძოდ, საზოგადოებრივ მედიისადმი. (1,2,3 ა),აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული სამართლებრივი დებულება, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ ხელმისაწვდომობას კერძო მფლობელობაში მყოფ აუდიოვიზუალურ მედიაზე, საარჩევნო კომპანიისა და რეკლამირების საკითხებთან მიმართებაში არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატებისათვის." (1,2,3 ა).

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე საკუთარ წერილში აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს ოფიციალურ პირებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებში", - აცხადებენ პარტიაში.