გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას სასამართლო 4 ოქტომბერს გაიმართება

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას სასამართლო 4 ოქტომბერს გაიმართება

უვადო პატიმრობამისჯილი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას განაჩენის გადასინჯვის პროცესი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 4 ოქტომბერს განახლდება. 

დღევანდელ განხილვაზე, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. პირველი შუამდგომლობა ეხებოდა რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვას.

სასამართლომ მსჯელობის შედეგად შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დაიკითებიან და საქმეში ჩაიდება ექსპერტების - გეჯაძისა და ქობულაშვილის საექსპერტო დასკვნები.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მიმართვა სასამართლოსადმი. კომახიძე ითხოვდა, რომ საქმეში ჩადებულიყო მისი საგამოძოებო ჟურნალისტიკის შედეგად მოპოვებული მასალები და მომხდარიყო ამ მასალების განხილვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს მასალები საქმეში ჩაიდება. გარდა ამისა, დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე დააყენა პროკურორების აცილების შუამდგომლობაც. დაცვის მხარემ პროკურორებს არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი. ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა ეხებოდა "თელასის" თანამშრომლობის დაკითხვას. თუმცა, სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ საქმის განხილვის ამ ნაწილში თანამშრომლების დაკითხვის აუცილებლობა არ დგას.

გარდა ამისა, დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა იყო პროკურატურიდან ინფორმაციის გამოთხოვა, იმასთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა ცრუ ჩვენების ბრალდებით სამხარაულის ექსპერიტიზის ბიუროს ექსპერტის გიორგი ცინცაძის მიმართ გამოძიება. ასევე საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ნოდარ გვიჩიანი ზის თუ არა უკრაინის ციხეში, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა შემდგომი სასამართლო სხდომების განრიგი, შემდგომი სხდომა 4 ოქტომებრს 14.00 საათზე გაიმართება, ხოლი მისი შემდეგი 18 ოქტომბერს.