ნინო ბურჯანაძე:  ჩემი მთავარი გზავნილია, რომ მე აღვადგენ სამართლიანობას

ნინო ბურჯანაძე: ჩემი მთავარი გზავნილია, რომ მე აღვადგენ სამართლიანობას

საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე დღეს სამტრედიის მოსახლეობას ხვდება. მან ადგილობრივების პრობლემების მოსმენის შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. 

"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ სამტრედიელებს მადლობა გადაუხადა თბილი და ხალხმრავალი დახვედრისათვის.

"მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს სამტრედიაში ამდენი ადამიანი დაგვხვდა ასე თბილად და გულწრფელი მოლოდინით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მხარდაჭერა. ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ მე აღვადგენ ქვეყანაში სამართლიანობას. სამართლიანობა იქნება ყველგან და ყველასთვის. მე შეძლებ, რომ აღვადგინო ჩატეხილი ხიდები აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. მე შევძლებ იმას, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩვენი საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვექნება," – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ კუთხემ თავისი ფუნქცია დაიბრუნოს და ზოგადად ქვეყანამ შეძლოს მართლაც ნორმალურ კალაპოტში ცხოვრების გაგრძელება, მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება, საკუთარი გზის პოვნა და ის, რასაც ქვეყნის რეალური წინსვლა ჰქვია.

საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ცაგერის მოსახლეობასაც შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძე და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი გია ბურჯანაძე მეუფე სტეფანემ საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.

დღესვე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ლენტეხისა და ორბელის მოსახლეობას შეხვდება.