საპარლამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობა "გადაბრალების ზღაპარზე" პასუხის გაცემას მოითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა პოლიტიკური დებატების ფორმატში "გადაბრალების ზღაპარზე" პასუხის გაცემასა და ეკონომიკური ინიციატივებით გამოსვლას გეგმავს. 

ხვალისათვის დაგეგმილ გამოსვლებზე "ინტერპრესნიუსს" უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესაბურა.

"ჩვენ გვაქვს არამხოლოდ კონკრეტული შეთავაზაბები, არამედ ანალიზი, თუ საიდან დავიწყეთ. ძალიან ბევრი ბრალდებაა. მთავრობას, რომელსაც კომპეტენცია აკლია და მოქმედების კონკრეტული გეგმა არ აქვს, გადაბრალების ზღაპარი დაიწყო: "თქვენ არ იცით, ჩვენ რა ჩავიბარეთო". მათ ჩაიბარეს 9-მილიარდიანი ბიუჯეტი, აწყობილი და არაკორუმპირებული საბაჟო-საგადასახადო სისტემა, პოლიცია, განათებული ქვეყანა, მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ასევე წარმოვადგენთ ციფრებს, თუ რა მდგომარეობაა ეკონომიკაში, გვექნება საბიუჯეტო ციფრები, რომ ბიუჯეტი არ სრულდება. ასევე გვექნება კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც გულისხმობს გადასახადის შემცირებას, რაც ჩვენს მიერ დაგეგმილი იყო საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირების სახით და შემდგომში 15%-მდე. ახალმა ხელისუფლებამ ამის სანაცვლოდ, დაუბეგრავი მინიმუმი შემოიღო, რომლის ეფექტი ყევლაზე სწრაფად მომავალი წლის პირველ ექვს თვეში იქნება და ეჭვი მაქვს, რომ ეს ის ეფექტი არ იქნება, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზებთ, რომ საგადასახადო ამნისტია განახორციელონ. ეს ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისას გავაკეთეთ, რაც ეკონომიკას ძალიან წაეხმარა. ასევე შევთავაზებთ რეგულაციების შემოღებაზე უარის თქმას, რაც ინვესტიციებს და სამუშაო ადგილებს გაზრდის" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მიხეილ მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, მაჭავარიანმა ისიც აღნიშნა, რომ "მთავრობა ეკონომიკის 6%-იანი ზრდის პირობას იძლეობა, დღეს ეს ზრდა 1,7%-ს შეადგენს და მის 2%-მდე გაზრდის ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავს".

ამავდროულად, ოპოზიციონერ დეპუტატს იმედი აქვს, რომ ხვალინდელი დებატები პოლიტიკური კინკლაობის ფორმატში არ წარიმართება.

"ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ, ერთად გამოვიყვანოთ ქვეყნის ეკონომიკა არსებული მდგომარეობიდან. ასე ვართ განწყობილი", - დასძინა მაჭავარიანმა.

ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები პარლამენტში უმცირესობის მოთხოვნით დაინიშნა. რეგლამენტის გათვალისწინებით პოლიტიკური დებატების ფორმატი ასეთია: გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას 45-45 წუთი ეძლევა, ფრაქციას და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) 15–15 წუთი, ვიცე-სპიკერებს – 10 წუთი, ხოლო პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას.

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა მთავრობა საპარლამენტო დებატებს. მთავრობის მისვლა ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია, რადგან ამას პარლამენტის რეგლამენტი არ ითხოვს. პოლიტიკური დებატების ფორმატი ხვალ, ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება.