რუსული მედია გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება

რუსული მედია გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება

რუსეთში, საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები წინასაარჩევნო ბატალიების ცენტრში აღმოჩნდნენ. ასე ეხმაურება რუსული გამოცემა "იზვესტია" გიორგი მარგველაშვილის 28 სეტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს 19 მოქალაქის ბედით დაინტერესდება. 

"სამშობლოში მათი დაბრუნება თბილისის ვალია და ვიმუშავებ ამ ამოცანაზე, მითუმეტეს, რომ საქართველოსთვის მათ გადმოცემას დაკავებულთა ნათესავებიც მოითხოვენ", - ციტირებს რუსული გამოცემა გიორგი მარგველაშვილის კომენტარს.

"იზვესტია" სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქართველოს დიპლომატიურ წრეებში აცხადებენ, რომ გასაგები მიზეზების გამო არ გასაჯაროვდება საკითხი, თუ როგორ მოხდება დაკავებულთა გათავისუფლება. მათივე განცხადებით, საკითხზე მუშაობა ხმაურის გარეშე უნდა წარიმართოს.

რუსული გამოცემა ასევე ციტირებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოსთხოვა განმარტება იმასთან დაკავშირებით, ხორციელდება თუ არა სათანადო ქმედებები ამ მიმართულებით.

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით კი "ქართულ ოცნებას" ყველა საჭირო ინფორმაცია გადაეცა.

"რუსეთში დაკავებულ მზვერავთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან. მათ შორის რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცრები მარლენ ბოგდანოვი (ბალაშვილი), ხვიჩა იმერლიშვილი და მიხეილ ხაჩიძე, რომელთაც შესაბამისად 15, 11 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. დაკავებულთა საქმეების უმრავლესობა უკავშირდება 2008 წლის მოვლენებს. ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულები ქართულ მხარეს სამხედრო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს აწვდიდნენ", - წერს "იზვესტია".

რუსულს გამოცემას ასევე მოჰყავს ჟურნალ "არსენალის" მონაცემები, რომლის თანახმადაც, ორი წლის წინ, რუსულმა მხარემ ქართულ მხარეს სპეცსამსახურების თანამშრომლის ზაზა ხერკელაძის საქართველოში, 2006 წელს გასამართლებულ რუს მზვერვაში გაცვლა შესთავაზა. თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა გაურკვეველი მიზეზებით უარი თქვა ამ შეთავაზებაზე.

ხერკელაძის დედის განცხადებით, მან დახმარებისთვის ახალ ხელისუფლებასაც მიმართა, თუმცა ჯერჯერობით მას არავინ გამოხმაურებია.