"ერთი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები გვაძლევს იმედს, რომ ქვეყნას ევროპული ინტეგრაციისკენ გზა უფრო მეტად გაეხსნება"

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან ელჩებს მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ იჩენს.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის გზაზე მიღწეული წარმატებები გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ ქვეყანას უფრო მეტად გაეხსნება გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ყველას - ხალხსაც და ხელისუფლებასაც კარგად გვესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენ ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ნამდვილი დემოკრატია ჩამოაყალიბოს. მხოლოდ ეს განაპირობებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და დემოკრატიულ განვითარებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, დემოკრატიის პრინციპების დაცვა და ამ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შენება.

"სწორედ ამიტომ, ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ნამდვილ ტრანსფორმაციას და ევროპეიზაციას, ეს კი საბოლოოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ აღმავლობას. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და მისი თითოეული წევრი ქვეყნის მხარდაჭერას და დახმარებას. ჩვენ მზად ვართ, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩართვით. ჩვენ ველით, რომ სამიტი მხარს დაუჭერს შეთანხმების ხელმოწერას ევროკომისიის არსებული შემადგენლობის ვადის ამოწურვამდე", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს პრიორიტეტია ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, ერთიანი საგარეო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებით.

"2007 წლიდან საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ განცხადებებს უერთდება. ჩვენ მზად ვართ, ნატო-ს მისიების პარალელურად ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის გზით", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტს აქვს იმის პოტენციალი, რომ ისტორიულ მოვლენად იქცეს.

"მან შეუქცევადი უნდა გახადოს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია, რომლებსაც ამის მტკიცე სურვილი აქვთ", - განაცხადა ივანიშვილმა.