ხათუნა პაიჭაძე - მელნიკოვთან დაკავშირებით ადვოკატი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს

ხათუნა პაიჭაძე - მელნიკოვთან დაკავშირებით ადვოკატი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს

ადვოკატი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ოლეგ მელნიკოვთან დაკავშირებით, პროკურატურამ ვალდებულება არ შეასრულა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ, ოლეგ მელნიკოვის ადვოკატის, გოგა ონიანის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თქმითაც, პროკურატურა ვალდებული იყო მელნიკოვის ექსტრადირებიდან 48 საათში მელნიკოვის ბრალის დაზუსტების შუამდგომლობა სასამართლოში შეეტანა.

ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას სასამართლოსთვის აღნიშნულ ვადაში, რომელიც 206-ე მუხლის 10-ე პუნქტით არის გათვალისწინებული, შუამდგომლობით არ მიუმართავს, შესაბამისად, მელნიკოვი უკანონო პატიმრად ითვლება და უნდა გაათავისუფლონ.

მთავარ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ კანონის არც ერთი მოთხოვნა მელნიკოვთან მიმართებაში არ არის დარღვეული და ყველა საჭირო მოქმედება განხორციელებულია.
"პროკურატურამ ვადაში მიმართა სასამართლოს. რაც შეეხება პატიმრის წარდგენას, რასაც ადვოკატი გულისხმობს, ამის ვალდებულება გამოძიებას არ გააჩნია, ვინაიდან საქმე უკვე სასამართლოს წარმოებაშია გადაცემული. პროკურატურას რაც ევალებოდა, ყველა პროცედურა განხორციელებული აქვს და ვადებში აქვს მიმართული სასამართლოსთვის", - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.