გოგა ონიანი - ოლეგ მელნიკოვი უკანონო პატიმარია

გოგა ონიანი - ოლეგ მელნიკოვი უკანონო პატიმარია

ოლეგ მელნიკოვი უკანონო პატიმარია, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გოგა ონიანმა განაცხადა.

როგორც ონიანმა აღნიშნა, საქართველოში ექსტრადირებიდან 48-საათიან ვადაში პროკურატურას სასასამართლოსთვის შუამდგომლობით უნდა მიემართა, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, ადვოკატი აცხადებს, რომ თითოეული საათი, რომელსაც მელნიკოვი ე.წ. მატროსოვის ციხეში ატარებს, უკანონოა.

"ექსტრადირება მოხდა ორი დღის წინ, უკვე 48-საათიანი ვადა გავიდა და არ მომხდარა აღმკვეთი ღონისძიების სასამართლოში დადასტურება, რაც გათვალისწინებულია 206-ე მუხლის მე-10 პუნქტით. პროკურატურა, მიუხედავად ამ ვალდებულებისა, შუამდგომლობით არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მელნიკოვი უკანონო პატიმარია", - განაცხადა გოგა ონიანმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, კერძოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც, რეგულარული სამედიცინო შემოწმება უტარდება და სასჯელარსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალმა მელნიკოვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში დასკვნა უნდა დადოს.

ამასთან, ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მელნიკოვის ადვოკატებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განცხადება შეიტანეს, რომლის მიხედვით 206-ე მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო, მელნიკოვს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ.

ადვოკატები სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან რეაგირებას ითხოვენ. ამასთან, მელნიკოვის ადვოკატები შესაბამისი განცხადებით სახალხო დამცველისთვის მიმართვასაც აპირებენ.
ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია 21 სექტემბერს განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და მთავარი პროკურატურის მიერ ძებნილი ოლეგ მელნიკოვის უკრაინაში დაკავებიდან 10 თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით. რამდენიმესაფეხურიანი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

ოლეგ მელნიკოვს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

გარდა ამისა, 2013 წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით და მე-2 ნაწილის "ა", "გ" და "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).