დავით ჯალაღანია - რუსეთი თავის გეგმას ძალზე მიზანმიმართულად აგრძელებს

დავით ჯალაღანია - რუსეთი თავის გეგმას ძალზე მიზანმიმართულად აგრძელებს

"ცივილურ ძალასთან უნდა გვქონდეს საქმე და ალბათ, უფრო ოპტიმისტები ვიქნებით", - ასე გამოეხმაურა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დვანსა და დიცში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის განახლებას.

როგორც დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს შეუძლია რუსეთის აგრესიულ ქმედებას მხოლოდ ცივილური, მშვიდობიანი მეთოდები დაუპირისპიროს.

"იმ ფონზე, როდესაც საქართველო მაქსიმალურად ცდილობს კონსტრუქციულ ჭრილში გადაიტანოს დიალოგი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ რუსული მხარე ნამდვილად არაკონსტრუქციულობით გამოირჩევა. ეს მწვავე, მტკივნეული საკითხია. სამწუხაროდ, ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. რუსეთი, სამწუხაროდ, აგრძელებს თავის გეგმას ძალზე მიზანმიმართულად. ხანდახან შეჩერდება, ხანდახან მძაფრდება ეს აქტივობა, თუმცა განწყობა საოკუპაციო რეჟიმის არ იცვლება", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მხარის ბერკეტი აქ არის მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური მეთოდები.

"სამწუხარო იმიტომაა, რომ როგორც წესი, ისინი არ არის ქმედუნარიანი და დროში გაწელილია. მეტ ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, ტრადიციულად, ქართული მხარის ქმედება იქნება ინტენსიური, ეს იქნება დიალოგი პარტნიორ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან.

"ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებითაც არის განსაზღვრული ის ვალდებულება, რომ რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან და დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამდენად, ბერკეტებში თუ ჩავთვლით ამ საერთაშორისო ვალდებულებებს, უნდა გვქონდეს ცივილურ ძალასთან საქმე და ალბათ, უფრო ოპტიმისტები ვიქნებით", - დასძინა დავით ჯალაღანიამ.