ქართველი სინოპტიკოსები განსაკუთრებულად ცივი ზამთრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

ქართველი სინოპტიკოსები განსაკუთრებულად ცივი ზამთრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წელს ევროპაში განსაკუთრებით მკაცრი ზამთარი იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ჯემალ დოლიძემ განაცხადა, რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპაში არნახული სიცივე დაფიქსირდება, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ზუსტი გრძელვადიანი პროგნოზის შეგდენა შეუძლებელია.

დოლიძის ინფორმაციით, შესაძლოა, ცივი ზამთარი მართლაც იყოს, თუმცა შეუძლებელია ისეთი გრძელვადიანი პროგნოზის შედგენა, რომელიც სექტემბრის ბოლოს განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ზამთრის პერიოდი.

ჯემალ დოლიძის ინფორმაციით, ხდება სეზონისთვის დამახსიათებელი არასტანდარტული ამინდების დაფიქსირება საუკუნეში რამდენჯერმე.

ამის სამაგალითოდ ჯემალ დოლიძემ მიმდინარე წლის გრილი ზაფხული დაასახელა - მსგავსი სიგრილე საქართველოში 1984 და 1985 წელს ყოფილა. როგორც ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე განმარტავს, სეზონისთვის ასეთი არასტანდარტული ამინდები საუკუნეში 3-4 ჯერ ხდება, თუმცა შესაძლოა, გრილი ჰავა რამდენიმე წლის განმავლოვბაში ზედიზედ მიეწყოს. შემდეგ კი - 50-60 წელი ცხელი ზაფხული იყოს.

"ასევე ხდება ზამთარშიც - შესაძლოა, ზედმიწევნით ცივი ან პირიქით, თბილი ზამთარი იყოს. ამის განსაზღვრა წინასწარ არ ხდება. მე ვერ დავეთანხმები რუსულ მედიას, სადაც იწერება, რომ ევროპაში წელს ყველაზე ცივი ზამთარი იქნება",-განაცხადა ჯემალ დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, ტრადიციულად საქართველოს აღმოსავლეთში ზამთრში ჰაერის საშუალო ტემპერატურა -6 -1 გრადუსია, ხოლო დასავლეთ საქართველოში +5 +6 გრადუსი.