"როდესაც მთელი შეგნებული ცხოვრება უკეთესი გარემო შეიქმნას ცდილობ და თაღლითობის მუხლს გიყენებენ, ეს წამებაზე უარესია"

ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცხადა, სადაც მისთვის და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძისთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

ჩოჩელის თქმით, პროკურატურა და ფინანსური პოლიცია მისი სახელის ხსენებით დაავადდნენ.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ინვესტიციის ჩადებას და ფულის გათეთრებას ვერ ასხვავებენ. მათ ჰყავთ მოწმე ნიკოლოზ შაქარაშვილი, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი მდგომარეობა საიმისოდ, რომ ჩემს ძმას მასთან ბიზნესი ჰქონოდა. მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ახლა ეს შაქრაშვილი ჩემს წინააღმდეგ ნებისმიერ საქმეზე ჩვენებას აძლევს", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, იგი რამდენიმე დღეში შეხვდება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალს გაასაჯაროებს.

“თუ თქვენ ამ საქმეში იოტისოდენა დანაშაულს ნახავთ, მაშინ მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო”, - განაცხადა ჩოჩელმა.

მისივე თქმით, ფინანსურმა პოლიციამ ნოემბერში ქარხანა “ბერტა” დახურა, რომელიც ახლა აუქციონზე გადის და 700 ადამიანი დარჩეს სამსახურის გარეშე.

ჩოჩელის განცხადებით, ახლა იგივე ქმედების განხორციელება უნდათ “ზედაზენის” "მიქსორის", "ბარამბოს" და "ბეტონის შპალის ქარხნის" წინააღმდეგაც, სადაც 4 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

“მოვა დრო და ამ ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვ. ეს ბრალდება არის ფარატინა ქაღალდი, რომელიც გაცამტვერდება”, - აღნიშნა ჩოჩელმა.

მოსამართლის კითხვაზე _ “ხომ არ განხორციელებულა მასზე სამართალდაცველი ორგანოების მხრიდან რაიმე ზეწოლა”, ჩოჩელმა მიუგო, რომ პირდაპირი გაგებით - არა.

“უკვე 10 თვეა, სასამართლოებში დავდივარ, როდესაც მთელი შეგნებული ცხოვრება აკეთებ იმას, რომ უკეთესი პირობები და გარემო შეიქმნას და ამ დროს, თაღლითობის მუხლს გიყენებენ, ეს წამებაცაა და წამებაზე უარესიც”, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მისივე თქმით, ნოემბერში მას მოსთხოვეს, რომ შპალის ქარხანა სახელმწიფოსთვის დაებრუნებინა.

“მე ვუთხარი, რომ ის თანხა გადაეხადათ, რაც მქონდა გადახდილი. რადგან მუხლებზე არ დავეცი, იმიტომ ხდება ის, რაც ხდება”, - განაცხადა მან.

ამასთან, ამავე საქმეზე მეორე ბრალდებული დავით გიორგაძე ასევე მიიჩნევს, რომ წაყენებული ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და დანაშაულს არ აღიარებს.

ამ წუთებში მოსამართლე სათათბირო ოთახშია გასული.

პროკურატურა ცეზარ ჩოჩელისთვის გირაოს სახით 1 მლნ ლარის, გიორგაძისთვის კი 500 000 ლარის შეფარდებას ითხოვს.

პროკურატურა ჩოჩელსა და გიორგაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.