"პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებელის ბორდი სასწრაფოდ უნდა დაითხოვოს"

ამის შესახებ რადიო "უცნობის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მფლობელმა ბასა ჯანიკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, "დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩიხშია შეყვანილი და ტელევიზია ტელევიზიას არ ჰგავს".

"საზოგადოებრივი მაუწყებელის ბორდი პოლიტიკურად მოტივირებულია. იქ არიან "ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასაქმებული ადამიანები. წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბორდის მიერ არხის გენერალური დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მაშინ, როცა ბორდში 15 ადამიანია და დირექტორის გადაყენების საკითხს ცხრა წყვეტს, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა", - განაცხადა ჯანიკაშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი სასწრაფოდ უნდა დაითხოვოს.