ნოდარ რუსაძის მამა ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ნოდარ რუსაძის მამა ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

ამის შესახებ დავით რუსაძემ ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

"არც ციხეში მჯდარა არასოდეს და არც ნასამართლევია. ხელზე ტრავმა კი აქვს, მაგრამ ეს ციხეში კი არა, სახლში მიიღო. სახელოსნო დაზგა გვაქვს პატარა და იმაზე იტკინა. მცდარია, ეს განცხადება და არ ვეთანხმები", - განაცხადა დავით რუსაძემ.

ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროც.

"ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი არ არის გადაღებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს, რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი. რაც შეეხება დანარჩენ ფოტოებს, სადაც ასახულია პატიმართა რენტგენის სურათები, საიდანაც ირკვევა, რა გზით შეაქვთ პირებს აკრძალული საგნები ციხეში, ეს ფოტოები სასჯელაღსრულების სამინისტრომ საზოგადოებას უკვე წარუდგინა. ამ ფაქტიდან დასტურდება სამინისტროს ინფორმაცია, რომ ნამდვილად არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ სისტემის დისკრედიტაციას და როგორც ჩანს, სწორედ მათ მიაწოდეს ქალბატონ ელისო კილაძეს მცდარი ინფორმაცია. ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის ელფერის მისაცემად კი თან დაურთეს ის ფოტოები, რომლებიც გუშინ თავად გაავრცელა სამინისტრომ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.