საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველდღიურ თოქშოუს ეკა ბერიძე წაიყვანს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველდღიურ თოქშოუს ეკა ბერიძე წაიყვანს

საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყოველდღიურ თოქშოუს ეკა ბერიძე წაიყვანს, - ამის შესახებ გადაცემა "აქცენტების" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კვესიტაძის თქმით, მას დღეს დახვდა ბრძანება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია. კვესიტაძე მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მან დღეს პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც გაიხსენა, რომელიც ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვალმდე გააკეთა.

"თქვენ კარგად გახსოვთ პრემიერის პრესკონფერენცია, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, სადაც მე მაკრიტიკებდა და ამბობდა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს ხელფას არ გადაუხდიდნენ, თუ რიტორიკას არ შეიცვლიდნენ", - განაცხადა კვესიტაძემ.

იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტყემალაძისგან განმარტებას მოითხოვს, თუ რა მოტივით გაათავისუფლეს ის სამსახურიდან.

"ყოველდღიურ თოქშოუს წამყვანი იქნება ეკა ბერიძე, ბიძინა ივანიშვილის კერძო ტელევიზიის ყოფილი წამყვანი. ჩვენ გვინდა გავიგოთ ტყემალაძის ლოგიკა, რატომ ვართ ჩვენ მიკერძოებულები და ეკა ბერიძე რატომ არ იქნება მიკერძოებული. ბიძინა ივანიშვილმა რაც თქვა, ყველაფერი შეასრულა, მეცხრე არხის თანამშრომლები გადმოიყვანა აქ, ხოლო ტექნიკა თავისი შვილის ტელევიზიას გადასცა", - განაცხადა კვესიტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის საზოგადოებრივ მაუწყებელში მე-9 არხის ყოფილ თანამშრომელთა რაოდენობა 30-მდე არის ასული. კვესიტაძე აპირებს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. მანამდე კი დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე ბორდის თანდასწრებით მოითხოვენ თამაზ ტყემალაძესთან შეხვედრას.