ლაშა მაქაცარია:  პროკურატურა, დღეს, როგორც ტყუილების სამჭედლო ისე გამოიყურება

ლაშა მაქაცარია: პროკურატურა, დღეს, როგორც ტყუილების სამჭედლო ისე გამოიყურება

გიგი უგულავას საქმეში ერთ-ერთი მოწმე ლაშა მაქაცარია პროკურატურას "ყურების კარგად გამობერტყვისკენ" მოუწოდებს. როგორც მაქაცარიამ აღნიშნა , მას პროკურატურის დღევანდელ განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს. 

"ეს არ არის სერიოზული კომენტარის თემა. ყველა, ვისაც სურს ჩემი დაკითხვის, ანუ დღევანდელი პროცესის შესახებ გაიგოს, არის ვიდეოჩანაწერი და ამის თაობაზე მარტივად შეიძლება რაღაცის გარკვევა. პროკურატურას, რომელსაც არანაირი მტკიცებულებები აღარ აქვს, დღეს, როგორც ტყუილების სამჭედლო, ისე გამოყურება", - განაცხადა მაქაცარიამ.

მისივე თქმით, პროკურატურა დეზინფორმაციას ავრცელებს, რითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ამასთან, რაც შეეხება მიწის მართვის კომისიის სხდომებს, როგორც მაქაცარია განმარტავს, ის სხდომების ნაწილს ესწრებოდა, ნაწილს - არა.

"მიწის მართვის კომისიის რამდენიმე სხდომა იყო, სადაც ნაწილს ვესწრებოდი და იქ არის ან ჩემი ხელმოწერა, ან ჩემი უფლებამოსილი პირის. არის სხდომები, რომელსაც არ ვესწრებოდი და იქ, შესაბამისად, ვერ იქნებოდა ვერანაირი ხელმოწერა. ვურჩევ პროკურატურას, ყურები კარგად გამოიბერტყოს, რათა კარგად გაიგოს თუ რას საუბრობს მოწმე. ისინი თუ დეზინფორმაციით ცდილობენ ამ საქმის მიმართ ინტერესის გაქარწყლებას, ნამდვილად არ გამოუვათ. ეს საქმე არის პოლიტიკური და ამ საქმეში ბრალდებული ყველა პირი, დარწმუნებული ვარ, რომ გამართლდება", - განაცხადა მაქაცარიამ.

თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის ორმა ყოფილმა წევრმა უარყო, რომ ხელი მოაწერა რიყის გასხვისების ოქმს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის პროკურორმა ლევან სალიამ განუცხადა. პროკურორის თქმით, მოწმეებმა ლაშა მაქაცარიამ და ნინო ბახტაძემ დღეს ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ რიყის გასხვისების ინტერესი არსებობდა გიგი უგულავას მხრიდან.

"ლაშა მაქაცარიამ და ნინო ბახტაძემ დღეს უარყვეს, რომ ხელი აქვთ მოწერილი იმ ოქმზე, რომელიც თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიამ შეადგინა რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით. საქმეში არსებობს ოქმი, რომელზეც აღნიშნული პირების ხელმოწერებია. თუმცა, ლაშა მაქაცარიაც და ნინო ბახტაძეც ამბობენ, რომ მათ ოქმზე ხელი არ მოუწერიათ. აქედან ჩანს, ის, რომ აღნიშნული კომისიის მიზანი რიყის გასხვისება იყო", - განაცხადა ლევან სალიამ.