სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოხმაურება პარლამენტშიც მოჰყვა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოხმაურება პარლამენტშიც მოჰყვა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატები პრორუსული ორიენტაციის წარმომადგენლები არიან და მათი პოლიტიკური განცხადებები სწორედ ამაზე მეტყველებს.

"ნინო ბურჯანაძე და მარგველაშვილი ერთ ძალას წარმოადგენენ. ამაზე მეტყველებს მათი პოლიტიკური განცხადებები და იდეები. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ადრე თუ გვიან პოლიტიკოსი ხვდება თუ რაშია საქმე, სწორედ ამიტომ მისი ეს განცხადება ჩვენთვის უცხო არ არის”, - განაცხადა გაბაშვილმა.

თავის მხრივ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილის და ბურჯანაძის გაიგივება არასწორია.

"ჩვენ არანაირი პრორუსული ძალა არ ვართ. მარგველაშვილის და ბურჯანაძის ერთ ტაფაში მოწვა არასწორი შეფასებაა. არც მარგველაშვილს და არც კოალიციას ასეთი შეფასება არ დაუმსახურებია. ჩვენ პროდასავლური ორიენტაცია გვაქვს. Bბურჯანაძის პრორუსული ორიენტაცია კი ისედაც ცნობილია. ამას თავადაც არ მალავს, თუმცა ეს მისი პირადი გადასაწყვეტია" - აცხადებს ბერძენიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა განცხადება მარგველაშვილისა და ბურჯანაძის პრორუსულ ორიენტაციაზე გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ორივე პოლიტიკოსი რუსული ინტერესების გამტარებელია.