ბრალდების მხარის ორმა მოწმემ უარყო, რომ რიყის გასხვისების ოქმზე მათი ხელმოწერა იყო

ბრალდების მხარის ორმა მოწმემ უარყო, რომ რიყის გასხვისების ოქმზე მათი ხელმოწერა იყო

პროკურორ ლევან სალიას განცხადებით, ეს ორი მოწმე ნინო ბახტაძე და ლაშა მაქაცარია არიან, რომლებიც მაშინ თბილისის მერიის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის წევრები იყვნენ.

"დღეს ჩვენ დავკითხეთ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ქრონოლოგიურად დავიწყეთ მოწმეების დაკითხვა. რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით მოწმეებმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები დაადასტურეს. ორმა მოწმემ უარყო ხელმოწერა იმ ოქმზე, რითაც კომისიამ მიიაღო გადაწყვეტილება, რომ კონკურსის წესით რიყის ტერიტორიის გასხვისება მომხდარიყო", - განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ბრალდების მოწმე ჯოზეფ კეი დაიკითხება მაშინ, როცა ამისი დრო დადგება.

"ეს დასაწყისია. საქმეში დაახლოებით, 400-მდე მოწმეა, ჯერ მხოლოდ 10 მათგანი დაიკითხა. ყველა მოწმეს აქვს მნიშვნელობა საქმეში", - აღნიშნა პროკურორმა.

მომდევნო პროცესი 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

საქმე ეხება თბილისის მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებას.

საუბარია ორ ეპიზოდზე. გიგი უგულავას "ტელეიმედის" მითვისებასა და საბიუჯეტო თანხებით "ნაციონალური მოძრაობის" თვალთმაქცურ დაფინანსებაში ედება ბრალი.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება) და სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია) აქვს წაყენებული.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია "იმედის" ეპიზოდთან დაკავშირებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა იგი საქართველოში არ იმყოფება.