ნინო ბურჯანაძე: „სალომე იმეორებს იმას, რაშიც „ნაციონალებმა“ ძალიან დიდ ფული დახარჯეს“

ნინო ბურჯანაძე: „სალომე იმეორებს იმას, რაშიც „ნაციონალებმა“ ძალიან დიდ ფული დახარჯეს“

ნინო ბურჯანაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და გაკვირვებას გამოთქვამს მის მოწოდებაზე ღია ეთერში დებატების შესახებ. „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი აცხახებს, რომ ის მზად არის საპრეზიდენტო კანდიდატებს დაუჯდეს დებატებში თუმცა ვერ ხედავს აუცილებლობას ეს რატომ უნდა გააკეთოს სალომე ზურაბიშვილთან..

„ძალიან უცნაურია, რაზე უნდა ვედებატო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მე ნამდვილად არაფერი მაქვს მასთან სადებატო და მიკვირს, რომ მისი მხრიდან ასეთი წინადადება იქნა შემოთავაზებული. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე დებატები უნდა შედგეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. არაფერი საწინააღმდეგო არ მქონდა და პირიქით, მივესალმებოდი თუ ქალბატონ სალომეს ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა ცუდი, ქალბატონ სალომეს თავად მიეღო გადაწყვეტილება, რადგან სხვაგვარად არ მოხერხდა მისი პრეზიდენტად კენჭისყრის საკითხი და არ გამხდარიყო ეს ამდენი სპეკულაციების საგანი. რეალურად გასაღები ქალბატონი სალომეს ხელში იყო და ასეთ შემთხვევაში მე აუცილებლად მივიღებდი დებატებში მონაწილეობას. ახლა, ვინაიდან არის წინასაპრეზიდენტო კამპანია, მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებთან დებატებში და იმედი მაქვს, რომ მათ არ შეეშინდებათ და ამაზე უარს არ იტყვიან”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბურჯანაძის პრორუსულ მხარედ მოხსენიებასთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით ზურაბიშვილის იმეორებს იმას, რაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ ფულს ხარჯავს. „ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს იმავე ბრალდებებს, რომლის გამყარებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრი ფული გადაიხადა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ როგორმე მოეკერებინათ ჩემთვის პრორუსული პოლიტიკოსის იარლიყი. სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე ამ რიგში ჩაეწერა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას ეს არის საყოველთაოდ ცნობილი, მე ვარ ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსი და ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გაკეთდება ყველაფერი ის, რაც შედის საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ