საზოგადოებრივ მაუწყებელთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთმანეთის პარალელურად, ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახლად დაფუძნებული საზოგადოება "თბილისელების" წარმომადგენლები კვესიტაძე-პაიჭაძის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ მათი გადაცემები ეთერში არ უნდა გავიდეს. აქციაზე იმყოფებიან კაფე "ლა ტრუფეს" ინციდენტში მონაწილე პირები - მანანა გიორგობიანი და მამუკა ბაკურია.

"მოვითხოვთ, რომ პარტიული გადაცემები არ გაგრძელდეს, რადგან ისინი მხოლოდ ერთ მხარეს ემსახურება. მე, როგორც გადამხდელი, ამის წინააღმდეგი ვარ. "ნაციონალების" აღმოცენებულმა ჟურნალისტებმა აგიტაცია- პროპაგანდა შეწყვიტონ",- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა გიორგობიანმა.

საზოგადოება "თბილისელების" წარმომადგენლები გია კორკოტაშვილი და ირაკლი კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ ტყემალაძესთან შეხვედრაზე არიან შესულები.

რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მეორე აქციას, მას სოციალურად დაუცველები მართავენ. ისინი ფართების დაკანონებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან 142-ე სკოლიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველები. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს ატყუებს.