ესტონეთის პრეზიდენტი - მჯერა, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება მოხდება

ესტონეთის პრეზიდენტი - მჯერა, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება მოხდება

მიუღებელია ის ეკონომიკური და სავაჭრო სახის მუქარები, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების მიმართ ისმის და რომლის მიზანიც ამ სახელმწიფოებზე არაევროპული მომავლის თავსმოხვევაა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა რუსულ "ინტერფაქსს" განუცხადა. მისივე განცხადებით, ამ მუქარას არც ესტონეთი და არც ევროკავშირი არ დათანხმდება. ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დაადასტურებს ევროკავშირის მზაობას კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან. 

"მჯერა, რომ ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დაადასტურებს ევროკავშირის სურვილსა და მზადყოფნას, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან და მოახდენს ამ სახელმწიფოებთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებასა და პარაფირებას. ჩვენ არ დავტოვებთ ამ სახელმწიფოებს მარტო", - დასძინა თომას ჰენდრიკ ილვესმა.