გიგი უგულავა:  საკრებულომ თბილისელების მიმართ მავნებლობა ჩაიდინა

გიგი უგულავა: საკრებულომ თბილისელების მიმართ მავნებლობა ჩაიდინა

დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას შეფასებით, საკრებულომ მიღებული გადაწყვეტილებით ამხანაგობებისა და, ზოგადად, თბილისელების მიმართ მავნებლობა ჩაიდინა. 

საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს უგულავა დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

როგორც ქალაქის პირველი პირი აცხადებს, ის არ თვლის, რომ თბილისის უსაფრთხოება და ოლიმპიადის სათანადოდ ჩატარება მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, მიაჩნია, რომ კორპუსების კეთილმოწყობა, სახურავების გადახურვა, ლიფტების გარემონტება და კომუნიკაციების სრულყოფა თბილისელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია.

"მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ სრულიად უაზრო გადაწყვეტილება მიიღო და საკრებულოს თავმჯდომარე ურცხვად აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან მოკლებული 10 მილიონი ლარი მთლიანად გადანაწილებულია ავარიული სახლების შეკეთებაზე, თავს ვალდებულად ვთვლი, იმისათვის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, წარმოვადგინო დოკუმენტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარემ ოფიციალურად მომმართა და ითხოვს ამ 10 მილიონის სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილებას. მის წერილში ნათლად ჩანს, თუ როგორ არის აღნიშნული თანხა გადანაწილებული. ბიუჯეტში გაჩნდა სრულიად ახალი პროექტი "უსაფრთხო ქალაქი", გათვალისწინებული იქნა თანხები 2015 წლის ოლიმპიადისთვის. ყოველივე ამით კი დაფინანსება შეუწყდა საბინაო ამხანაგობებს, შესაბამისად, ვეღარ განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა და თბილისელების კეთილდღეობასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. წერილში მითითებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობა, ავარიული შენობების გამაგრება და სხვა ხარჯების დაფინანსება ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის შედეგად, ბიუჯეტის პროექტში ისედაც იყო გათვალისწინებული. საკრებულომ მიღებული გადაწყვეტილებით მავნებლობა ჩაიდინა ამხანაგობებისა და ზოგადად თბილისელების მიმართ. მე არ ვთვლი, რომ ქალაქის უსაფრთხოება და ოლიმპიადის სათანადოდ ჩატარება არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა, მიმაჩნია, რომ კორპუსების კეთილმოწყობა, სახურავების გადახურვა, ლიფტების გარემონტება და კომუნიკაციების სრულყოფა უფრო მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის, ვიდრე კამერების დამონტაჟება და ოლიმპიადისთვის თანხების გამოყოფა. რაც შეეხება ბრალდებას, რომ 10 მილიონი ლარი მთლიანად წარმოადგენდა საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისების თანხას, ეს იმდენად არაკომპეტენტური მოსაზრებაა, რომ როგორც ჩანს, საკრებულოს დღევანდელ უმრავლესობას არითმეტიკასთან საქმე საკმაოდ მწყრალად აქვს", - აცხადებს გიგი უგულავა.