შტეფან ფულე:   ნებისმიერი მუქარა რუსეთის მხრიდან მიუღებელია

შტეფან ფულე: ნებისმიერი მუქარა რუსეთის მხრიდან მიუღებელია

ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოველით, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე მეზობელთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ ამის გამო ევროკავშირის ზოგიერთ პარტნიორზე უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდება. 

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი ყოველთვის მკაფიოდ გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკას აღმოსავლეთ მეზობლების მიმართ.

"საერთო ინტერესები გვკარნახობს, რომ ჩვენს კონტინენტზე კეთილდღეობისა და სტაბილურობის სივრცის შესაქმნელად აღმოსავლეთ მეზობლებთან ერთად უნდა ვიმუშავოთ", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ასევე ხაზი გაუსვა, რომ საბაჟო კავშირის წევრობა არ არის თავსებადი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებთან, რომელთა თაობაზეც ევროკავშირს მოლაპარაკებები ჰქონდა უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და სომხეთთან.

"ამის მიზეზი არც იდეოლოგიური განსხვავებებია, არც ეკონომიკური ბლოკების შეუთავსებლობაა და არც ნულოვან შედეგზე გათვლილი თამაში. მიზეზი ისაა, რომ ეს სამართლებრივადაა შეუძლებელი. შეუძლებელია, მაგალითად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნების შესაბამისად ერთდროულად შეამცირო საბაჟო ტარიფები და გაზარდო ისინი საბაჟო კავშირის წევრობის გამო. ახალი თაობის "ასოცირების შესახებ შეთანხმებები" საკანონმდებლო დაახლოების, მარეგულირებელი სისტემების ჰარმონიზაციისა და ბაზრის ლიბერალიზაციის შედეგად უზარმაზარ სასარგებლო ცვლილებებს მოიტანს", - აღნიშნა შტეფან ფულემ.

ამასთან, მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელია აღმოსავლეთ პარტნიორიობის წევრებმა გაზარდონ თანამშრომლობა საბაჟო კავშირთან, შესაძლოა დამკვირვებლის სტატუსით.
როგორც ევროპარლამენტში გამოსვლისას შტეფან ფულემ განაცხადა, ნებისმიერი მუქარა რუსეთის მხრიდან, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან შეთანხმებების შესაძლო ხელმოწერასთან, მიუღებელია.

"ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა: ევრაზიის კავშირის პროექტის შემუშავებისას, აუცილებელია პარტნიორების სუვერენული გადაწყვეტილებების პატივისცემა. ნებისმიერი მუქარა რუსეთის მხრიდან, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან შეთანხმებების შესაძლო ხელმოწერასთან, მიუღებელია. ეს შეეხება ყველა სახის ზეწოლას, მათ შორის, ენერგომატარებლებზე ფასებით მანიპულირებას; ხელოვნური სავაჭრო ბარიერებს, როგორიცაა იმპორტის აკრძალვა; სამხედრო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების გარანტიებს და გაჭიანურებული კონფლიქტების გამოყენებას", - განაცხადა ფულემ და დასძინა, რომ 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ურთიერთობები ასე არ უნდა იმართებოდეს და ამგვარი ქმედებები აშკარად არღვევს იმ პრინციპებს, რომლებიც აღიარებულია ევროპის ყველა ქვეყნის მიერ.

მისივე განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ასოცირების შესახებ შეთანხმებები არ არის ჩაფიქრებული რუსეთის საზიანოდ.

"პირიქით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ ეკონომიკაში უფრო ფართო ინტეგრაცია რუსეთს დიდ სარგებელს მოუტანს. ჩვენი ხედვაა, რომ ამ შეთანხმებებმა გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ხელი შეუწყოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებზე დაფუძნებული ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებას ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე. ასე რომ, მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს გააღრმავონ კავშირები რუსეთთან, რასაც ჩვენ თავადაც ვაკეთებთ, მაგრამ ისე, რომ კავშირები თავსებადი იყოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებთან", - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ ევროპარლამენტში გამოსვლისას.