მაია ფანჯიკიძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მავთულხლართების აღმართვაზე ინფორმაცია მიაწოდა

მაია ფანჯიკიძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მავთულხლართების აღმართვაზე ინფორმაცია მიაწოდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის უკანონო ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. 

შესაბამისი განცხადება მან ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 24-ე სესიაზე გააკეთა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზეც ისაუბრა.

"მინდა გამოვთქვა უკიდურესი შეშფოთება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის გამო. გაერო-ს შესაბამისი სააგენტოების მიერ გამოთქმული შეშფოთების მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ მოკლებულია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მინიმალურ საშუალებებს. მთავრობა სერიოზულად შეშფოთებულია საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის უკანონო დაკავებათა ზრდის ტენდენციით, ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციისა და იმ კავშირების გაწყვეტის მიზნით, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის, საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმისა და მიწაყრილების მოწყობის პროცესი, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევას. მიმაჩნია, რომ დარღვევები, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, თქვენს უშუალო ყურადღებასა და გადაუდებელი ზომების მიღებას საჭიროებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე.

ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე შეხვდა ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს რემინგიუშ ჰენცზელს, გაერო-ს ჟენევის განყოფილების გენერალურ დირექტორს, ჟომარტ ტოკაევს და ადამიანის უფლებათა და ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისრებს.

ფანჯიკიძემ ასევე შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტ, პიტერ მაურერთან. მხარეებმა ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.