მთავარი პროკურორის მოხსნა-დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა ხდება

მთავარი პროკურორის მოხსნა-დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა ხდება

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მოხსნა-დანიშვნის საკითხი პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში გადადის. 

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის თანახმადაც, მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, პროკურატურის საქმიანობაზე საპრეზიდენტო კონტროლი უქმდება და მთავარი პროკურორისგან ინფორმაციას პერიოდულად პრემიერ-მინისტრი მოისმენს.

უნდა აღინიშნოს, რომ თანამდებობაზე მთავარი პროკურორის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნისა და მოხსნის საკითხს პარლამენტი მაშინაც იხილავდა, როცა მუშაობა პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებების ერთმანეთისგან გამიჯვნაზე მიმდინარეობდა. რამდენიმე თვის წინ უმრავლესობამ ამ მიმართულებით "პროკურატურის შესახებ" კანონი ვერ შეცვალა, რადგან ცვლილების განხორციელება საჭირო იყო კიდევ ერთ - "მთავრობის სტუქტურის, უფლებამოსილებისა და წესის შესახებ" კანონშიც, რასაც პრეზიდენტმა თანხმობა არ მისცა.

საკითხი დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში ახლა ისევ შევიდა. ამ მხრივ კანონმდებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ ახალ კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში.