მახინჯაურში ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მახინჯაურში ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მახინჯაურში, მატარებლის სადგურის მოპირდაპირე სანაპიროდან 150 მეტრში წყლის ზედაპირზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა, პირველადი დათვალიერების მიხედვით, ნაპოვნი ცხედარი ოთხი დღის წინ ბათუმის აკვაპარკის მოპირდაპირედ ზღვაში დაკარგული სომეხი ეროვნების მამაკაცის მონაცემებს ემთხვევა.

"ნაპირიდან 150 მეტრში მაშველებმა ზღვის ზედაპირზე ცხედარი შენიშნეს. ცხედარს ზურგზე დიდი ხალი ჰქონდა და თეთრი ზოლებით შავი ფერის საცურაო კოსტუმი ეცვა, რაც ოჯახის წევრების თქმით, ზღვაში დაკარგული მამაკაცის მონაცემებს ემთხვევა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

28 წლის სომეხი ეროვნების მამაკაცი 8 სექტემბერს აკვაპარკის მოპირდაპირე ნაპირიდან დაიკარგა. ცხედარი აკვაპარკიდან 4 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.