დავით სერგეენკო თურქ ინვესტორთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს

დავით სერგეენკო თურქ ინვესტორთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თექინ ატიკთან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარი არ გამოვა. 

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელ თექინ ატიკს შორის საუბარი საქართველოში თურქეთის ელჩის თხოვნით შედგა.
შეხვედრის დროს, თექინ ატიკმა მინისტრს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ მის წარმომადგენელს, ნატალია მუჩაიძეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ორგანიზაციის წარმომადგენლად ნიშნავს.

თექინ ატიკის განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ იაშვილის სახელობის კლინიკაში განვითარებული მოვლენები არანაირ კავშირში არ არის საქართველო-თურქეთის ურთიერთობებთან.

"არსებული ვითარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განზოგადებული საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობის ჭრილში, ისევე როგორც, ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს განზოგადებული იმ კომპანიასთან, რომელსაც თექინ ატიკი წარმოადგენს. ამ ადამიანმა მოახერხა და რამდენიმე დღეში დაიმსახურა სამედიცინო პერსონალის სრული, 100 %-იანი პროტესტი იმდენად, რომ საფრთხე შეუქმნა არსებულ დაწესებულებში სამედიცინო სერვისების მიწოდებას. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ბატონო ატიკ, რას ეთანხმებით და რას არ ეთანხმებით. ჩვენ დავინახეთ ის, რაც დავინახეთ, რომ საავადმყოფოს პერსონალი გამოსული იყო ეზოში და სამედიცინო პროცესი პარალიზებული იყო. თქვენ რა ჩაიდინეთ და რა არ ჩაიდინეთ, მონიტორინგის ჯგუფი გაარკვევს, რომელიც შესულია დაწესებულებაში ვითარების შესასწავლად. თუმცა რა შედეგებიც ვნახეთ, ეს არის ცალსახად მიუღებელი და ჩვენ ვერანაირ შორეულ თანამშრომლობაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგანაც არ ვიცი როგორ, მაგრამ რამდენიმე დღეში მოახერხეთ, გადაიმტერეთ და მთლიანი პარალიზება გაუკეთეთ სამედიცინო დაწესებულებას. ამის ფონზე, რომ თქვენ თანამშრომელს ნიშნავთ ქართულ-თურქული ურთიერთობების რაღაც ორგანიზაციის ხელმძღვანელად - ცალსახად უადგილოა. ასე, რომ თქვენივე საქციელით საფრთხის ქვეშ დააყენეთ ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დაწესებულების მუშაობა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სერვისები განვითარდეს უწყვეტად, სამუშაო და სამკურნალო პროცესები იყოს დალაგებული და არა ისეთი კრაზანების ბუდე, როგორადაც თქვენ გადააქციეთ ერთ კვირაში იქაურობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს მართული იყო თუ არა. მაპატიეთ, მაგრამ უნდა გასწავლოთ, რომ მენეჯერის ფუნქცია, პირველ რიგში არის ის, რომ არ იყოს კონფლიქტი დაწესებულებაში. კონფლიქტი მართული იყო თუ არ იყო მართული, უნდა შეგეწუხებინათ თავი და შეგესწავლათ ვითარება ადგილზე და თანამშრომლებს მოქცეოდით ადამიანურად", - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

თექინ ატიკმა მომხდართან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრთან მოიბოდიშა და ისიც აღნიშნა, რომ კლინიკაში განვითარებული მოვლენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი და ფაბრიკაცია იყო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას თექინ ატიკმა აღნიშნა, სწორედ მინისტრზე იყო დამოკიდებელი სამომავლო ინვესტიციების განხორციელება, რაზეც სერგეენკომ უპასუხა, რომ ატიკი ინვესტიციების განხორციელების არჩევანში თავისუფალია.

"თქვენ არჩევანში თავისუფალი ხართ, გააკეთებთ თუ არა ინვესტიციებს საქართველოში, მაგრამ თქვენ პირველივე დღეებში დაუშვით მიუტევებელი შეცდომები და გადაიმტერეთ სამედიცინო პერსონალი, რითაც საფრთხე შეუქმენით ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურების ჩატარებას", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

თურქმა ინვესტორმა მინისტრს რწმუნებულების საბუთიც ვერ წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქართულ კანონმდებლობას ჯერ კარად არ იცნობს, რათა პროცედურები თანმიმდევრულად დაიცვას.

თავის მხრივ, დავით სერგეენკომ გაკვირვება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანი საქართველოში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას აპირებს, საქართველოს კანონმდებლობა რატომ არ უნდა იცოდეს.

რამდენიმე დღის წინ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის მედპერსონალი ახალ ინვესტორს, თექინ ატიკს დაუპირსპირდა. ექიმები თურქ ინვესტორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და კლინიკაში არ უშვებენ.