გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ერმუჰამეტ ერტისბაევთან გაცნობითი და დახურული ხასიათის მიღება გამართა, რომელიც დაგეგმილზე მეტ დროს გაგრძელდა.

მხარეებმა საუბრის დასარულების შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასეს.

„ყაზახეთში ყველა ძალიან დაინტერესებულია საქართველოში დაწყებული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიით. მე მქონდა შეხვედრები პრეზიდენტობის კანდიდატებთან, მათ შორის ბატონ მარგევლაშვილთან, რომელიც აშკარად ფავორიტია საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში. ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ ყაზახეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო და მთელი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანი - აზერბაიჯანიდან საქართველოში. გვაქვს დიდი გეგმები ყაზახეთში, რათა გავზარდოთ ტვირთდენა ბათუმის პორტის გავლით, დავიწყოთ ახალი ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი პრეზიდენტის მრავლვექტორული პოლიტიკა ითვალისწინებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიას და განსაკუთრებით, საქართველოს. ჩვენმა პრეზიდენტმა დიდი ამოცანა დააყენა - გავამყაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და გადავიყვანოთ ისინი ხარისხობრივად ახალ დონეზე და ამის შესახებ ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. იმედი მაქვს წელს და მომავალ წელს ჩვენ შევასრულებთ ამ ამოცანას,“ - განაცხადა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ერმუჰამეტ ერტისბაევმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი არის ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მიმართულებით.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ყაზახეთთან ურთიერთობების გაღრმავება არის მომგებიანი, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ბევრი პოზიცია გვქონდა ერთმანეთთან გასაცვლელი და უაღრესად კარგი და წარმატებული პერსპექტივის შესახებ ვისაუბრეთ.,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.