მაია ფანჯიკიძე:  ევრაზიის კავშირი საქართველოსთვის აქტუალური არ არის

მაია ფანჯიკიძე: ევრაზიის კავშირი საქართველოსთვის აქტუალური არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოსთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება აქტუალური არ არის. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც პრემიერის მიერ ევრაზიის კავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირს. უნდა გითხრათ, რომ მარტო ჩვენ კი არ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირს, არამედ მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირიც. ასე ვთქვათ, ეს ჩვენს გვერდით ხდება, რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება და უნდა ვნახოთ რა არის იქ საინტერესო. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში, როდესაც ამბასადორიალი გაიხსნა, განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მე მგონი, ამაზე მკაფიოდ ამ მესიჯის გაჟღერება შეუძლებელია" , - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება ევრაზიის კავშირს, ძალიან საინტერესოა როგორ განვითრდება მოვლენები, როგორი იქნება მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან და ევროკავშირთან მისი ურთიერთობა.

როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ევროკავშირიც დაკვირვებით ადევნებს თვალყურს მოვლენებს და შეიძლება ძალიან ბევრი საერთო თემა არსებობდეს.

"შეიძლება ძალიან ბევრი საერთო თემა არსებობდეს, რადგანაც ვაჭრობა და ეკონომიკა გლობალური ცნებებია და შესაბამისად, თავსებადობა რაღაცნაირად განსხვავებული ორგანიზაციების საჭიროა იმისათვის, რომ მსოფლიოში ვაჭრობა და ეკონომიკა განვითარდეს" , - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა  მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევრაზიის კავშირი საქართველოსთვის აქტუალური არ არის და საქართველოსთვის აქტუალურია ვილნიუსის სამიტი, ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.

პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ გამორიცხავს.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად საინტერესო აღმოჩნდება ევრაზიული კავშირი საქართველოს სტრატეგიისთვის.

"რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?", - განაცხადა ივანიშვილმა.