ბიძინა ივანიშვილი:  იპოთეკარებთან დაკავშირებით კანონი პირადად მე შევაჩერე

ბიძინა ივანიშვილი: იპოთეკარებთან დაკავშირებით კანონი პირადად მე შევაჩერე

სოციალურად დაუცველი პირების, ეკომიგრანტების, დევნილების საქმესთან დაკავშირებით მთავრობა თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს , თუმცა პრობლემა ძალიან რთულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, იპოთეკარებთან დაკავშირებით მთავრობაში ძალიან ბევრს მუშაობენ.

"შევდივარ მათ მდგომარეობაში და ჩვენ გვაქვს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. იპოთეკარებზე ბევრი დრო დავხარჯე და ბევრი ვიმუშავე არჩილ ხაბაძესთან ერთად. ეს უნდა მოხდეს ბანკებთან შეთანხმებით. კანომდებლობა, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებდა იპოთეკარებთან დაკავშირებით, პირადად მე შევაჩერე და საყვედური მივეცი უსუფაშვილს, იმიტომ რომ არ შეიძლება ბიზნესმენს კანონით რაღაც მიენიჭოს, ამით შეიძლება ბიზნესი დაანგრიო. ასეთ კანონს თუ შემოვიღებთ ბიზნესმენები დაფრთხებიან ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ძალიან კარგად მუშაობენ ეკონომიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ცდილობენ ბანკებთან კონსულტაციებს.

"იპოთეკარების თემა ბანკებისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა. ხშირად სახლები გაუაზრებლად არის დაგირავებული. დიდი ოპტიმიზმს ვერავის ჩავუსახავთ, იქნებ რაღაც დონეზე რაღაც გავაკეთოთ," – განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა.