ბიძინა ივანიშვილს კახა ბენდუქიძესთან კითხვები აქვს

ბიძინა ივანიშვილს კახა ბენდუქიძესთან კითხვები აქვს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კახა ბენდუქიძესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერმა კახა ბენდუქიძე 1 ლარად გასხვისებულ ქონებაზე საუბრის კონტექსტში ახსენა. 

"რაც შეეხება 1 ლარად გასხვისებულ ქონებას, კანონმდებლობით ამის უფლება არსებობდა, "ამ კაცმა" ეს უფლება დაიტოვა, გაასხვისა კიდეც და მათ მორალურად მივუთითებთ. კახა ბენდუქიძე რომ მოჰყავს მოწმედ, ამ დროს მასზე კითხვები არსებობს და მეც ვუერთდები ამ კითხვებს, მაგრამ კანონით უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღება უჭირს ზოგადად საკუთრების პრობლემასთან დაკავშირებითაც.

"საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და უამრავ უსამართლობაზე ვერ ვახერხებთ გადაწყვეტილების მიღებას დღემდე, იმდენად რთული საკითხია. არის საქმე, რომელშიც რამდენიმე უსამართლობა და რამდენიმე მართალი ადამიანია – გამოსავალი, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მოძებნოს და ამისთვის სახსრები გამოყოს, მაგრამ უხეში დათვლებით 6 მილიარდზეა საუბარი. სამწუხაროდ, ამის საშუალება ქვეყანას არ აქვს. ასეთი დილემის წინაშე ვდგავართ - ვცდილობთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ვაჭიანურებთ ამ პროცესს", - აღნიშნა პრემიერმა.