მე ძალიან ვუფრთხილდები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ეს გუნდის წევრებმა კარგად გააცნობიერეს

მე ძალიან ვუფრთხილდები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ეს გუნდის წევრებმა კარგად გააცნობიერეს

გემზე მიხეილ სააკაშვილმა ორწუთიანი გამოსვლის ნაცვლად 40 წუთიანი "რეჩი" დაარტყა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გემზე მან სააკაშვილს უთხრა, რომ საქართველოს კი არა, მას ადანაშაულებს. 

"ძალიან მძიმე, საოცარი მემკვიდრეობა მივიღეთ ჩვენ რუსებთან ურთიერთობაში, ჩიხში შეიყვანეს ბოლომდე. გასაგებია, რომ რუსეთმა ჩაიდინა აგრესია. ისევ გამომეკიდებიან "ნაციონალები", რომ საქართველოს ვადანაშაულებ. გემზე, პრეზიდენტმა ორწუთიანი გამოსვლის ნაცვლად, 40 წუთიანი "რეჩი" რომ დაარტყა, დაიწყო გარჩევები და მაშინაც ვუთხარი, რომ საქართველოს კი არა, შენ გადანაშაულებ, შენ იყავი არაკონსტრუქციული და შენ ჩაიდინე უამრავი შეცდომები მეთქი. ჩვენ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ პირველ რიგში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პროგრესია.

"არსებობს მავთულხლართების გადმოწევა და არსებობს აქ კითხვები. 2008 წლიდან მოყოლებული სულ იყო ეს და "ნაციონალებმა" დღეს შეამჩნიეს თითქოს. ეს პრობლემები არსებობდა და ცუდია, რომ დღესაც არსებობს. ვიღაცა შეავიწროეს და ძნელია, რომ შენ გინდა ზოგადი ანალიზით ვინმეს გული დაუთბო", - აღნიშნა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, როგორც პრემიერი აცხადებს, ამ ურთიერთობის დალაგების მხრივ ბიზნესმენებს პოტენციალი არ აქვთ.

"საქართველო-რუსეთის ურთიერთობისთვის ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოიჩინა ინიციატივა. მე ძალიან ვუფრთხილდები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და ეს გუნდის წევრებმა ძალიან კარგად გააცნობიერეს. მე ძალიან ვფრთხილობ, რომ არაფერი შეგვეშალოს; ძალიან ვფრთხილობ ქმედებებში, გამონათქვამებში, რადგან თემა არის ძალიან ფაქიზი. მე ყველა ბიზნესმენს უარი ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ რაიმე რეალური პოტენციალი ამ მიმართულებით. ცოტა ზემოთ უნდა დათბეს და დალაგდეს ჯერ. ბიზნესმენი, რომელიც ცოტა ზედმეტად იაქტიურებს, შეიძლება მან მძიმე შედეგიც მოიტანოს. რამდენიმე მხრიდან და სხვადასხვა მხრიდან მართული სიტუაცია შეიძლება პოლიტიკურად გაუგებარი აღმოჩნდეს კრემლისთვის", - აღნიშნა ივანიშვილმა.