ბიძინა ივანიშვილი:  მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მსახური სახელმწიფო ფუნქციაში ნუ ჩაერევა

ბიძინა ივანიშვილი: მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მსახური სახელმწიფო ფუნქციაში ნუ ჩაერევა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიურ თემასთან დაკავშირებით გაუგებრობები კოჰაბიტაციის პროცესთან ერთად დასრულდება. 

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ რელიგიურ თემაზე არსებული გაუგებრობები ხელოვნურად არის გამოწვეული და ძველ ხელისუფლებას ეს ძალიან აწყობს. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მსგავსი პროცესები გარედანაც იმართებოდეს.

"კონკრეტულად რაც ჭელაში მოხდა, აქ როგორც მთავრობის მეთაური აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ ერთ ღამეში, დილით გავიღვიძოთ და მინარეთი დგას, რომელიც არავისთან შეთანხმებული არ არის, პროექტი არ არსსებობს , ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არ არის.

რატომ გახდნენ ისინი იძულებული რომ ეს ერთ ღამეში გაეკეთებინათ? აქ მიჩნდება მე კითხვა. არსებობს რეალური პრობლემა, რომ საქართველოში მეჩეთი აშენდეს? ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქე ამას ობიექტურად განიცდის, რამეთუ საბჭოთა კავშირისა და 9-წლიანი ძალადობრივი მმართველობის შემდგომ შესაძლოა, ის ბუნებრიობა რაც იყო, დაიკარგა, ბალანსი რაც არსებობდა, დაირღვა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ეს პროცესი გაიოლდება.

ძალიან მტკივნეული თემაა როდესაც ხდება დემონტაჟი, ჯობდა ალბათ უფრო ფაქიზად მოქცეულიყვნენ. ჯობდა - სათქმელად იოლია. ჯობდა, მაგრამ როდესაც გევალება, გიწევს უხეში საქმის გაკეთებაც. თუმცა ეს სასიამოვნო არ არის არც ჩემთვის.

მე ვფიქრობ, კოჰაბიტაციის პროცესი დასრულდება და ასეთი გაუგერობები სულ მალე დასრულდება საქართველოში. მგონია, რომ ძალიან ხშირად ხელოვნურად არის ინსპირირებული, ძალიან მალე ბუნებრივად დალაგდება, გარანტიასაც მოგცემთ, რომ ასე იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ფუნქციებში არც მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები არ უნდა ჩაერიონ.

"სახელმწიფო ფუნქციაში ნუ ჩაერევა ნურც მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მსახური, რომელიც ცდილობს და აკეთებს შესატყვის განცხადებებს. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს რელიგიას, ეკლესიას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ ჩავერიოთ, მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. მაგრამ ეკლესიის ზოგიერთმა მსახურმაც კარგად უნდა გაიგოს, რომ მათ არ აქვთ უფლება სახელმწიფოს ფუნქციები შეითვისონ. ჩვენ მხოლოდ კანონზე დაფუძნებით უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.