ბიძინა ივანიშვილი:  თუ საგამოძიებო უწყებებს სააკაშვილთან კითხვები ექნება, ეს ნორმალური იქნება

ბიძინა ივანიშვილი: თუ საგამოძიებო უწყებებს სააკაშვილთან კითხვები ექნება, ეს ნორმალური იქნება

თუ საგამოძიებო უწყებების მხრიდან სააკაშვილის მიმართ კითხვები იქნება, ეს აბსოლუტურად კორექტული და ნორმალური იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარია, რომ პროკურატურის თუ სასამართლოს ქმედება იყოს გამჭვირვალე. 

"მე სანამ ვიყავი ოპოზიციაში მე მკვეთრ განცხადებებს ვაკეთებდი. ახლა მთავრობის მეთაური ვარ და ევროპასაც და ამერიკასაც ამ შემთხვევაში ბევრს ვესაუბრები და ძალიან ვერიდები წინასწარ რაიმე მკვეთრი განცხადება გავაკეთო. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობდა და არსებობს. ეს ნორმალური პროცესია, ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ეს ხდება ევროპის ბევრ სახელმწიფოში. კითხვები არსებობს ნიკოლა სარკოზისთან, კითხვები არსებობს ბერლუსკონისთან. ეს ნორმალური პროცესია და ამას ნუ მივანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მითუმეტეს, რომ ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და როგორც წესი ასეთ ქვეყნებში პოლიტიკოსები უფრო ბევრს თავნებობენ და ბევრ შეცდომებსაც უშვებენ. აბსოლუტურად კორექტულია ეს და ნორმალურიც იქნება, პრინციპში, თუ კითხვები იქნება. ამაში არ არის ტრაგედია, ამაში არ არის განსაკუთრებულობა. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს სამართლიანად, არ იყოს ანგაჟირებული და შერჩევითი. მთავარია, რომ ყველასთვის ყველაფერი იყოს გასაგები და სასამართლოს თუ პროკურატურის ყველა ქმედება იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე თუ ვინმემ რამე დაარღვია, ყველას შეიძლება მოეთხოვოს, მათ შორის პრეზიდენტსაც.