ბიძინა ივანიშვილი:  ჩემს გუნდს ექნება საშუალება, ჩემს გარეშე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს

ბიძინა ივანიშვილი: ჩემს გუნდს ექნება საშუალება, ჩემს გარეშე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს

პოლიტიკურ სცენას ჩემს გუნდს ვუთავისუფლებ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი განმარტებით, ის, რისი გაკეთებაც მას პოლიტიკაში შეეძლო, გააკეთა.

"პოლიტიკურ სცენას ვუთავისუფლებ ჩემს გუნდს, მათ, ვინც რჩება - გიორგი მარგველაშვილი მოდის, პრემიერს მერე დაგისახელებთ, მთავრობა არჩეულია, პარლამენტი იცით. ის, რაც შეიძლებოდა პოლიტიკაში ჩემი მხრიდან, მე გავაკეთე, უფრო მეტი სჭირდება საზოგადოებას. ვფიქრობ, პოლიტიკური ნაწილი დღეს წინ წაწეულია, უკეთესია ვიდრე საზოგადოება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მისი გადანაცვლების საკითხზე მხოლოდ პლიუსებს ხედავს და ამასთან დაკავშირებით ვერც ერთი მინუსი ჯერ ვერ დაუსახელეს.

"ჩემს გუნდს ექნება საშუალება, ჩემს გარეშე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. სხვათაშორის, არამარტო საზოგადოება, გუნდშიც შფოთავენ, შიგნითაც ძალიან ბევრი განიცდის, ძალიან ბევრს ეს არ მოსწონს, ვაგრძელებთ პოლემიკას, ჯერ უსუფაშვილთანაც ვერ ჩავედით ბოლომდე, მაგრამ ჯერ ვერც ერთმა ვერ დამისახელა, მათ შორის, ვერც უსუფაშვილმა ერთი რეალური მინუსიც კი, რომელიც ჩემი წასვლით შეიძლება მივიღოთ. სულ პლუსებია, თანაც მე არსად მივდივარ, მე გადავდივარ უფრო რთულ ნაწილში", - აღნიშნა ივანიშვილმა.