აშშ-ის სენატის კომიტეტმა სირიაში შეზღუდული სამხედრო მოქმედებების გატარებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის კომიტეტმა სირიაში შეზღუდული სამხედრო მოქმედებების გატარებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტისა და რესპუბლიკელების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ბარაქ ობამას გადაწყვეტილებას, სირიაში შეზღუდული სამხედრო მოქმედებების გატარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გუშინ მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს სირიაში სამხედრო ინტერვენციას. დოკუმენტს, რომელსაც კენჭს მომავალ კვირას უყრიან, აღნიშნულია, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია 60 დღეს უნდა გაგრძელდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებს ვადის 30 დღით გახანგრძლივებას.

"როიტერის" ინფორმაციით, აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ პროექტი არ ითვალისწინებს სირიაში სახმელეთო ოპერაციას.

"სავარძელში ჯდომისა და ხალხის ხოცვაზე ყურების დრო აღარ არის. არც ჩვენი ქვეყანა და არც სხვები არ უნდა გავჩუმდეთ. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ჩადენილ საშინელებებზე წარსულში. მაგრამ ახლა, დროა, ვიმოქმედოთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ობამა ამერიკას ომის დაწყებას არ სთხოვს.

"ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ სირიის მიწაზე ამერიკელი ჯარისკაცი არ გაივლის. პრეზიდენტი ითხოვს მიეცეს თანხმობა იმაზე, რომ შეაჩეროს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი მომავალში ქიმიური იარაღის გამოიყენებისგან", - აღნიშნა ჯონ ქერიმ.

გუშინვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რომელიც ასევე მხარს უჭერს ობამას გადაწყვეტილებას სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელებაზე, განაცხადა, რომ ელის აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, თუ კონგრესი მხარს არ დაუჭერს სამხედრო ინტერვენციას, საფრანგეთი მარტო არ იმოქმედებს სირიის წინააღმდეგ.